ტუაფსეს რაიონის სოფელ ნოვომიხაილოვსკში ძლიერი წვიმის გამო წყლის დონემ მდინარეში საგრძნობლად მოიმატა. შედეგად დაიტბორა 600 სახლი და დაზარალდა 1500 ადამიანი. დილის 4 საათისთვის წყლის დონე ქუჩებში 2,5 მეტრს აღწევდა – იუწყება ‘’ინტერფაქსი".
თავდაპირველად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, თუმცა მოგვაინებით 4 დაღუპული აღმოაჩინეს. გამორიცხული არ არის, მსხვერპლის რაოდენობა მეტიც იყოს. ამ დროისათვის წყალში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება დაზარალებულებს, ისინი ამ წუთებშიც ტუაფსესა და კრასნოდარის სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ ნოვომიხაილოვსკი დამსვენებლებს შორის პოპულარულ ადგილად ითვლება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წინა წყალდიდობისგან განსხვავებით, ამჯერად, განგაშის სისტემამ კარგად იმუშავა, რამაც საშუალება მისცა ხალხს, დროულად დაეტოვებინათ სახლები.
შეგახსენებთ, ყუბანის მხარეს სტიქია 6-7 ივლისსაც დაატყდა თავს, რამაც ოფიციალური მონაცემებით 160, არაოფიციალური ცნობებით კი 2000-მდე ადამიანი შეიწირა.
internet.ge