კომპანია „ჯეოსელი“ სწრაფი გადახდის ტერმინალთან დაკავშირებით აბონენტებს აფრთხილებს
2012 წლის 7 სექტემბერს 12:00 საათზე ჯეოსელი წყვეტს შპს „მგსს“
საქართველოს/OSMP-სთან არსებულ ხელშეკრულებას, რის გამოც „ჯეოსელის“ აბონენტები
ვეღარ შეძლებენ შპს „მგსს“ საქართველოს/OSMP-ს გადახდის აპარატების მეშვეობით
ანგარიშის შევსება განახორციელონ. აღნიშნულის შესახებ „ინტერნეტ. ჯი“-ის
„ჯეოსელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა
ცქიტიშვილმა აცნობა.
ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი „ჯეოსელის“ წინაშე 2 მილიონ ლარამდე
არსებული დავალიანება გახდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია „ჯეოსელი“ განცახადებას ავრცელებს,
რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:
წლების განმავლობაში შპს „მგსს“ საქართველოს/OSMP-ს მიერ ხდებოდა
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, რის გამოც ხელშეკრულების
შეწყვეტის თარიღისათვის შპს „მგსს“ საქართველოს/OSMP-ს დავალიანება ჯეოსელის
წინაშე შეადგენს 2 მილიონამდე ლარს. შპს „მგსს“ საქართველო/OSMP არის მხოლოდ
თანხის შემგროვებელი კომპანია და მას ჰქონდა ვალდებულება შეგროვებული თანხა,
რომელიც იყო ჯეოსელის კუთვნილება დაებრუნებინა ჩვენი კომპანიისათვის.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შპს
„მგსს“ საქართველოს/OSMP-ს მიერ წარმოდგენილ საბანკო გარანტიას გაუვიდა ვადა და
არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მოხდა განახლებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა.
ამ ფაქტს ასევე დაემატა ის გარემოება, რომ დავალიანება ყოველდღიურად იზრდებოდა.
შესაბამისად, გაჩნდა რეალური საფუძველი, გვეფიქრა რომ კომპანია მიდიოდა
გაკოტრებისაკენ და ეს მდგომარეობა შეიძლება გამხდარიყო როგორც ჯეოსელის, ასევე
ჩვენი აბონენტებისათვის სარისკო.
„ჯეოსელი“ აცხადებს, რომ შპს „მგსს“ საქართველოსთან/OSMP-ს ურთიერთობა
შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ მათ მიერ სრულად იქნება შესრულებული
ყველა ვალდებულება და გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, რომლითაც ნაკისრი
ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნება საბანკო ინსტიტუტებით (საბანკო
გარანტია). ამ ნაბიჯით დაცული იქნება, როგორც აბონენტები, ასევე კომპანია
ჯეოსელი.
იმ შემთხვევაში, თუ შპს „მგსს“ საქართველო/OSMP- დაუყონებლივ არ
შეასრულებს „ჯეოსელის“ კანონიერ მოთხოვნებს, იძულებულები ვიქნებით სასამართლოს
მეშვეობით დავიცვათ ჩვენი უფლებები.
კიდევ ერთხელ გვინდა ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს აბონენტებს მათთვის
შექმნილი შესაძლო დისკომფორტისათვის და აქვე შეგახსენებთ, რომ აბონენტებისათვის
გადახდის ალტერნატიულ საშუალებად რჩება სხვა კომპანიების სწრაფი გადახდის სისტემები,
მათ შორის, როგორიცაა „ნოვა ტექნოლოჯი“, „თი-ბი-სი ფეი“, ასევე ჩვენი აბონენტთა
მომსახურების ცენტრები (ოფისები) და ასტრა და ლაი-ლაი ბარათებით ანგარიშის
შევსება.
Internet.ge