საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტის
საპროექტო მონაცემები ფისკალურად ჯანსაღია.
ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ბიუჯეტი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უკვე წარდგენილია
განსახილველად საქართველოს პარლამენტში.
„არსებული კანონპროექტით ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება მთლიან შიდა
პროდუქტთან მიმართებაში 3,5%-დან 2,8%-მდე. ამასთან, ბიუჯეტის მოცულობამ
საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და მისმა ხარჯვითმა ნაწილმა
სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 8.5 მლრდ ლარს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტისთვის 9.0 მლრდ ლარს
გადააჭარბა. 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის ზრდა
იგეგმება 500.0 მლნ ლარით“,- აღნიშნა ხეთაგურმა და აქვე დასძინა, რომ გარდა შიდა
რესურსისა, საქართველოს გააჩნია ადეკვატური ოდენობის საერთაშორისო რეზერვები.
„დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი - სექტემბრის მონაცემებით წლიური
ინფლაცია ნულის ფარგლებშია და მისი მნიშვნელოვანი ზრდა არ არის მოსალოდნელი. 2012
წლის დარჩენილ პერიოდში და 2013 წლის განმავლობაში, არსებული პროგნოზებით, წლიური
ინფლაცია დაბალი ერთნიშნა მაჩვენებელი იქნება. სახელმწიფოს ფინანსური კუთხით
გააჩნია ძლიერი და მდგრადი პოზიცია, რაც ბოლო წლების განმავლობაში პასუხისმგებლობით
აღსავსე და მომავალზე ორიენტირებული, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის
შედეგია“,- დასძინა ხეთაგურმა.
internet.ge