საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი,
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი ქსიაო ჟაო
ფინანსთა სამინისტროში
მთავრობის წევრებს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. შეხვედრის დროს განიხილეს არსებული წარმატებული თანამშრომლობის მიმდინარეობა და შესაძლო ახალი მიმართულებები.
„ესაა ძალიან დინამიური და სწრაფად მზარდი თანამშრომლობა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის. საქართველოს და ADB-ის შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია: მუნიციპალური, ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარება, წყლის და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე კერძო სექტორის მხარდაჭერა. საუბარია, როგორც საბანკო სექტორის განვითარებაზე, ასევე საწარმოო სექტორის მხარდაჭერაზე. ყველა პროექტი, რომელიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის ეგიდით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
უახლოეს პერიოდში ADB-ის მხარდაჭერით დაგეგმილია შემდეგი მნიშვნელოვანი ურბანული პროექტების განხორციელება: თბილისი-რუსთავის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა, ანაკლიის ნაპირდაცვა, ხიდების მშენებლობა და სხვა. დაწყებულია მუშაობა წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით ქუთაისში, ფოთში, მესტიაში, ანაკლიაში, ურეკსა
და შეკვეთილში.
განიხილება თანამშრომლობის შესაძლებლობები ენერგეტიკის სექტორში, ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება აზიის განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში საბანკო და საწარმოო სექტორის დაკრედიტების კუთხით.
საქართველო აზიის განვითარების ბანკთან 2007 წლიდან თანამშრომლობს. ADB-ი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა. 2007 წლიდან დღემდე ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილია შეღავათიანი ფინანსური რესურსი 781 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ძირითადად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურიული პროექტების მხარდასაჭერად. ამჟამად,
ADB-ის ეგიდით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო დაფინანსება 531 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ვიზიტის ფორმატში დაგეგმილია დაფინანსების ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობლობასთან დაკავშირებით.
Internet.ge