გადახდისუუნარო საწარმო კრედიტორთა წინაშე დავალიანების არსებობის
მიუხედავად - ლიკვიდაციას მაინც დაექვემდებარება.
ამასთან დაკავშირებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის ინიცირებაც პარლამენტში
უკვე მოხდა.
პროექტის თანახამდ, თუ სასამართლო იმ დასკვნამდე მივა, რომ განცხადების შეტანის
დროისთვის მოვალეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო
ხარჯების დასაფარად საკმარისი ქონება არ გააჩნია, მაშინ სასამართლო გადახდისუუნარობის
შესახებ განცხადების შემტან პირს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარს ეუბნება და გადაწყვეტილება გამოაქვს საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება
კი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი ხდება და ის 30 კალენდარული დღის ვადაში
მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება.
პროექტის ავტორთა განმარტებით, თუ საწარმოს გაკოტრებისათვის
საჭირო ხარჯების თანხები არ გააჩნია, ის ვერც კრედიტორებს
დააკმაყოფილებს.
მათი თქმით, იქმნება სიტუაცია, როცა, ერთი მხრივ, არსებობს საწარმო, რომლის არსებობას
არც იურიდიული და არც ეკონომიური საფუძველი არ გააჩნია და მეორე მხრივ, არ არსებობს ამ საწარმოს ფუნქციონირების
შეწყვეტის სამართლებრივი გზა.
„ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები გვთავაზობს ამ პრობლემების
მოგვარების სამართლებრივ საშუალებას, რაც აღმოფხვრის არსებულ სამართლებრივ ჩიხს, რომელშიც
ხვდება სამეწარმეო სუბიექტი“- აცხადებენ კანონმდებლები.
Internet.ge