საქართველოში, ოლიმპიური სოფლის მშენებლობისთვის ინვესტორი საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს.
ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში
წარდგენილია – „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის“ შესახებ კანონპროექტი, რომლის თანახმად, ინვესტორმა საქართველოში ოლიმპიური სოფელი, მათ შორის ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზებისთვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობები მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა ააშენოს.
პროექტით, ინვესტორს შეეძლება, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და საბაჟო საწყობის სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნაგებობებიც ააშენოს.
ამასთან, ინვესტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.
ასევე, ინვესტორს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საქართველოში შესყიდულ საქონელსა თუ მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი დაუბრუნდება. ხოლო, ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადი იმ ტერიტორიაზე თვითმმართველობის მიერ დადგენილი განაკვეთით დაიბეგრება. თუმცა, ქონების და მიწაზე ქონების გადასახადს ინვესტორი მშენებლობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში არ გადაიხდის.
შეგახსენებთ,
რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 2015 წელს გაიმართება.
Internet.ge