ევროპაში რიგით მეორე უმსხვილესი
ენერგოკომპანია RWE, შესაძლოა, Nabucco-ს პროექტს გამოეთიშოს. კომპანიის ხელმძღვანელები
აპირებენ, გადახედონ სტრატეგიულ მოთხოვნებს პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
როგორც RWE-ს პრეს-სამსახურში აცხადებენ,
გაზსადენის პროექტის დატოვებასთან დაკავშირებით, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ
Nabucco-დან მათი გამოთიშვის შესაძლებლობას.
„ამ დრომდე დარწმუნებული ვართ,
რომ Nabucco-ს თავდაპირველი პროექტი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ყველა დაინტერესებული
მხარისთვის, თუმცა გარემოებების შეცვლისა და ახალი გაზსადენის პროექტების დაგეგმვის
გათვალისწინებით, ჩვენ დავიწყეთ პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებული კომერციული
და სტრატეგიული მოთხოვნების ანალიზი,“ - ციტირებს „Вести“ RWE-ს წარმომადგენლის სიტყვებს.
გერმანული კომპანიის გარდა, Nabucco-ს
აქციონერები არიან ავსტრიული, უნგრული, თურქული, ბულგარული და რუმინული კომპანიებიც.
თითოეულ მათგანი საერთო წილის 16,67%-ს ფლობს, თუმცა RWE მათ შორის ყველაზე მსხვილ მონაწილედ ითვლება.
Internet.ge