დღეს ბრიუსელში ევროზონის ქვეყნების
მეთაურების სამიტი გაიმართება. მასზე ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და
ინვესტორების მიზიდვის პროგრამას განიხილავენ.
შეხვედრების დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას
ერთიანი ევროობლიგაციების შექმნის საკითხი. ასეთი ქაღალდების გამოშვებას ემხრობა
საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია, თუმცა ამგვარი გადაწვეტილების წინააღმდეგ
გერმანია გამოდის.
ფრანსუა ოლანდი ფსონს ეკონომიკური ზრდის
აღდგენაზე დებს, რისთვისაც საჭიროა დროებით შესუსტდეს ფისკალური პოლიტიკა.
საფრანგეთის ლიდერის აზრით, ეკონომიის პროგრამამ, რომელმაც ევროზონა რეცესიამდე
მიიყვანა, დაბალი ეფექტურობა აჩვენა.
ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში - ოლი
რენმა, ამ კვირაში განაცხადა,
რომ დადგა დრო, შეიქმნას „საგზაო რუკა“. მასში უნდა გაიწეროს ის იურიდიული და
ფისკალური ზომები, რომლებიც მოამზადებს ნიადაგს ერთობლივი გრძელვადიანი
ინსტრუმენტების შესაქმნელად.
ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ
კი აღნიშნა, რომ დროა პოლიტიკოსებმა გადახედონ ძველ დოგმებს და იფიქრონ ევროპის
მომავალსა და მის ეკონომიკურ სიტუაციაზე.
თუმცა ანგელა მერკელი, როგორც ჩანს, ჯერ მზად
არ არის პოზიციის შესაცვლელად. მას მხარს უჭერს ჰოლანდია, ფინეთი და ავსტრია,
რომლებიც არ აპირებენ ევროზონაში თავიანთი მეზობლების ხარჯების დაფინანსებას.
გარდა ამისა, მონაწილე მხარეებმა უნდა
გადაჭრან ევროპის საინვესტიციო ბანკის კაპიტალის გაზრდის საკითხი და განიხილონ
ე.წ. პროექციული ობლიგაციების გამოშვების გეგმა. ქაღალდებს ევროკავშირი
გამოუშვებს, ხოლო შემოსავალი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციას მოხმარდება.
internet.ge