ე.წ.
დაზოგვის სისტემის მიმართ, მეტი სანდოობის მიზნით, აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები ზუსტდება.
როგორც
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, „საგადასახადო კოდექსის“ განხილვისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა
განაცხადა, ცვლილების თანახმად, მას შემდეგ, რაც 2013 წლიდან საშემოვლო გადასახადი 20-დან 18 პროცენტამდე შემცირდება, ფიზიკურ პირს საშემოსავლო გადასახადის შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული ხელფასის ორი პროცენტის ახლებურად განკარგვის საშუალება ექნება და სურვილის შემთვევაში, დასაქმებულები
ხელფასის ორი პროცენტის გადარიცხვას აქტივების მმართველ კომპანიაში შეძლებენ. თუმცა, თუ ისინი ფულის გადარიცხვაზე უარს იტყვიან, თანხა ბიუჯეტში დარჩება.
ხუროშვილის თქმით, ტენდერში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიები შეძლებენ, რომლებსაც მდგრადობა უნდა გააჩნდეთ.
„კიდევ ერთი პირობა ის არის, რომ აქტივების მმართველმა კომპანიამ მაქსიმალური თანამონაწილეობა უნდა უზრუნველყოს. ადამიანს მეტი გარანტია ექნებათ, რადგან მათთან პროექტში ინვესტიციას აქტივების მმართველი კომპანიაც დააბანდებს. აქტივების მმართველი კომპანია შეიძლება, ოპერირებდეს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. სატენდერო მოთხოვნებს კი,
მთავრობა დაადგენს. ახალი სისტემა მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედება, რაც ტენდერით მინიმუმ სამი კომპანია შეირჩევა. მათ ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. ადამიანებს არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეთ“, - დასძინა მან.
პროექტის თანახმად, ფიზიკური პირები დანაზოგის მიღებას 15 წლის გასვლის შემდეგ შეძლებენ.
Internet.ge