საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში დღეს რძის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა, რომელიც ქართულ-ავსტრიული ინვესტიციით აშენდა და უახლესი მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი. მიხეილ სააკაშვილმა საწარმო „ჩიიზკო“ დაათვალიერა და პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიასაც გაეცნო. ქვეყნის პირველი პირი საწარმოს პერსონალსაც გაესაუბრა და მათი პირობებით დაინტერესდა.
„ეკოფუდის“ ახალი საწარმო „ჩიიზკო“, 10 სახეობის ქართულ ყველს აწარმოებს. ქარხანა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აქვე მოქმედებს რძის მიკრობიოლოგიური და ქიმიური ლაბორატორიები, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.
ქართულ-ავსტრიული საინვესტიციო პროექტის საერთო ღირებულება 6 მილიონი ევროა. საწარმოს მშენებლობა 2011 წლის შემოდგომით დაიწყო და 2012 წლის აპრილში დასრულდა. საქართველოს მასშტაბით, საწარმომ, სულ, 700-მდე ადამიანი დაასაქმა.