ევროპულ ქვეყნებს მხოლოდ 3 თვე აქვთ საიმისოდ, რათა გადაარჩინონ და შეინარჩუნონ
ერთიანი ვალუტა. ამის შესახებ მილიარდელმა ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა იტალიის ქალაქ ტრენტოში
მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა.
ამ პროცესში ხელმძღვანელის როლს ამერიკელი ფინანსისტი გერმანიაში ხედავს:
„ხელისუფლებებს დროებითი ფანჯარა აქვთ სამი თვის ვადით. ამ დროის განმავლობაში
მათ შეუძლიათ გამოასწორონ თავიანთი შეცდომები და გადახედონ პოლიტიკას. კრიზისის დროს
მართვის სადავეებს ხელში კრედიტორები იღებენ, ამიტომაც გერმანიისა და მისი მხარდაჭერის
გარეშე ვერაფერი მოგვარდება,“ - განაცხადა სოროსმა.
მილიარდელი ასევე მიიჩნევს, რომ ივნისის ბოლოს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე მხოლოდ
მინიმალური ზომები იქნება მიღებული, რომლებიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს: „ეს ზომები
მხოლოდ სიტუაციის დროებით გაუმჯობესებამდე მიგვიყვანს, არსებული ნეგატიური ტენდენციები
კი კვლავ შენარჩუნდება,“ - განმარტა ინვესტორმა.
სოროსის აზრით, ევროს გადარჩენისთვის,
პირველ რიგში, აუცილებელია საბანკო დეპოზიტების ერთიანი დაზღვევის სისტემის შექმნა.
ამის შემდეგ კი, საჭიროა ევროპულ ბანკებს ხელი მიუწვდებოდეთ ევროპული მექანიზმის ფონდის
პირდაპირ დაფინანსებაზე. ამასთანავე, ყველა ეს ინსტრუმენტი მოითხოვს მკაცრ კონტროლსა
და რეგულირებას.
Internet.ge