სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დღეს, იმერეთის რეგიონს ეწვივნენ და წყალტუბოს მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილება პირადად გააცნეს.
მინისტრები ადგილობრივი ფერმერის კახა ფხაკაძის ოჯახსაც ესტუმრნენ და სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.
“საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დღეს ჩვენ იმერეთის მოსახლეობას გავაცანით, მნიშვნელოვნად გაუადვილებს ქართველ გლეხებსა თუ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზებას. მათ აღარ მოუხდებათ 18%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული პროდუქტი ბაზარზე იმპორტირებულთან შედარებით ბევრად კონკურენტუნარიანი გახდება“,- განაცხადა ზაზა გოროზიამ.
"საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) დღგ-სგან თავისუფლდება.
დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება ასევე ქვეყანაში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი, ან გაციებული ხორცის მიწოდება.
Internet.ge