ონიშენკოს განცხადებით, რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ დაბრუნებას ბარიერები არ შეექმნება
რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ დასაბრუნებლად ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ხედავს.
„როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტები მზად არიან ჩავიდნენ საქართველოში, რათა მინერალური წყლის ხარისხი შეამოწმონ, განაცხადა ონიშენკომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„არანაირი ბარიერი, ჩვენ მზად ვართ ჩავიდეთ ბორჯომში“ - აღნიშნა მან, როცა უკრაინის რადას დეპუტატის კითხვას პასუხობდა იმის შესახებ, არსებობს თუ არა ბარიერები რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით.
რუსეთში ქართული ღვინისა და „ბორჯომის“ შეტანაზე აკრძალვა 2006 წელს დაწესდა, საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკური ვითარების გართულების შედეგად.
ოფიციალურ მიზეზად პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა. მას შემდეგ საქართველომ აღნიშნული პროდუქციის სარეალიზაციოდ ახალი ბაზრები მოიძია და აითვისა.
Internet.ge