ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ დღეს, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, 2011 წელი ცალსახად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.
მინისტრის ინფორმაციით, სწორი საბიუჯეტო დაგეგმარების პირობებში, შემცირებულია საბიუჯეტო დეფიციტი და ასევე, სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან.
„ქვეყანაში შენარჩუნდა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, სწორი საბიუჯეტო დაგეგმარების პირობებში, შემცირებულია საბიუჯეტო დეფიციტი, საგრძნობლად შემცირდა სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან. გაიზარდა ასიგნებები მთელ რიგ სექტორზე, მათ შორისაა, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურული განვითარება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7% შეადგინა, რის შედეგადაც 2010 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 3,5 მილიარდი ლარით გაიზარდა; 2011 წლის ბოლოსთვის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ 3 215,4 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის ბოლოსთვის არსებულ მაჩვენებელზე 592,4 აშშ დოლარით მეტია; სწორი საბიუჯეტო დაგეგმარების შედეგად კი, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი სწრაფი ტემპებით მცირდება და 2011 წლის ბოლოსთვის მშპ-სთან მიმართებაში 3,6%-ს შეადგენს.
ასევე, უზრუნველყოფილია სახელმწიფო ვალის მდგრადობა. მშპ-სთან მიმართებაში მთლიანი სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი 2010 წლის ბოლოსთვის არსებული 42,4%-იდან, 2011 წლის ბოლოსთვის 36,7%-მდე, ხოლო საგარეო ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 33,6%-დან 29,0%-მდე შემცირდა; 2011 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა სახსრებმა 7 437,0 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 5 802,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 1 209,6 მლნ ლარით მეტია; სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა 7 459,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 487,0 მლნ ლარით მეტია; 2011 წლის ბიუჯეტიდან 2010 წელთან შედარებით გაზრდილი მოცულობით დაფინანსდა ყველა პრიორიტეტული მიმართულება, მათ შორის: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 69,2 მლნ ლარით და 1 641,6 მლნ ლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე 987,3 მლნ ლარი მიიმართა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე და მათ დაზღვევაზე კი, 277,2 მლნ ლარი. განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 27,4 მლნ ლარით და 552,5 მლნ ლარი შეადგინა.
განხორციელდა ყველა სერთიფიცირებული მასწავლებლის ხელფასების ზრდა, ხოლო სერთიფიცირებული მასწავლებლების საუკეთესო 25%-ს დაენიშნად 1000 ლარიანი ხელფასი.
ასევე, აშენდა 5 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 250-ზე მეტ საჯარო სკოლას; სოციალურად დაუცველი ოჯახების ყველა მოსწავლე კი, უზრუნველყოფილ იქნა სასკოლო სახელმძღვანელოებით.
საგზაო ინფრასტრუტურაზე მიმართული სახსრები გაიზარდა 30,9 მლნ ლარით და 580,8 მლნ ლარი შეადგინა; სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად სახელმწიფო სახსრები (საგარეო დაფინანსების გარდა) 4-ჯერ გაიზარდა და 74,2 მლნ ლარია.
Internet.ge