საქართველოს პროკურატურა დავით აკობიას ჩვენებას ავრცელებს, ჩვენებაში
აკობია დანაშაულს აღიარებს და დეტალურად ყვება როგორ დაუკავშირდა ბედუკაძეს და
როგორ მიიღო ციხეში ფარული ჩანაწერის განხორციელების დავალება.
დავით აკობია, ბრალდებული: სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მუშაობა
დავიწყე 2011 წლის 7 თებერვალს, ვმუშაობდი 24 აგვისტომდე. 5 აგვისტოს უსაფრხოების
ინსპექტორი ბორის ფარულავა დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა, დავთანხმდი. ის იყო
ანერვიულებული, მითხრა გლდანის კადრები გავქვს გადაღებული და პატიმრის ცემა და
რაღაცეები, რომელიც რომ გაიგონ დაგვიჭერენო და სასწრაფოდ უნდა წავიდე საზღვარგარეთო,
მაგრამ მანამდე ერთი კადრი კიდევ მინდა და თუ შეგიძლია ეს შენ გააკეთეო. რის
სანაცვლოდაც დამპირდა სოლიდურ თანხას.
მე დავთანხმდი და 24-ში, აგვისტოს, როცა სმენაში ვიყავი, ბორის
ფარულავამ შემოიტანა მიკროკამერა, რომელიც უნდა დამემაგრებინა შარვალზე და
კარანტინის დაშლის კადრი უნდა გადამეღო, მე ეს გავაკეთე. 25 აგვისტოს გამოვედი
სამსახურიდან, ვნახე ბორის ფარულავა და გადავეცი ეს კადრი. მან მითხრა, რომ დღესვე
ეს კადრი ლადო ბედუკაძეს უნდა გავუგზავნოო, რომელიც ბელგიაში იმყოფებაო და ის
დაგვეხმარება ყველანაირადო, 28-ში შენც დაგიკავშირდებაო.
28-ში ბედუკაძე დამიკავშირდა სკაიპით და მითხრა რომ ყველანაირად შენს
გვერდით ვიქნები და ფულითაც დაგეხმარები, ოღონდ მანდედან უნდა წამოხვიდე და ჩემთან
უნდა მოხვიდეო. გზის ფულს ბორის ფარულავა მოგცემს დანარჩენს მე მივხედავ, როცა აქ
ჩამოხვალო.
29 აგვისტოს ბორის ფარულავა ისევ დამიკავშირდა და 400 დოლარი
გადმომცა, ეს იყო გზის ფული და მითხრა, რომ 18 ან 19 სექტემბერს უნდა გავსულიყავი
საქართველოდან, წავსულიყავი სომხეთში ხოლო იქიდან - უკრაინაში, სადაც სკაიპით
დავუკავშირდებოდი ლადო ბედუკაძეს იქ შემხვდებოდა და ყველანაირად დამეხმარებოდა მათ
შორის მატერიალურადაც" - ყვება ჩვენებაში აკობია, რომელიც დღეს დილით პოლიციამ
საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავა.
Internet.ge