როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი პარიზში იმყოფება და საფრანგეტის ჟანდარმერიასთან კონსულტაციებს მართავს.
როგორც ბურჯალიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდეს, იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც ეროვნული ჟანდარმერია აწარმოებს.
„პარიზში საქართველოს შსს წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფები, რომლებიც შეხვედრებს მართავენ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის წარმომადგენლებთან. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს.
ჩვენი კონსულტაციები ეხება გამოძიებას, რომელსაც საფრანგეთის ჟანდარმერია აწარმოებს და ამავე საკითხებზე გამოძიება საქართველოს შს სამინისტროშიც მიმდინარეობს. საქმე ეხება ქართველი ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლების, კერძოდ კანონიერი ქურდების კავშირებს, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსთან და პირველ ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დესტაბილიზაციისა და არეულობის, მათ შორის შესაძლო ძალადობის მიზნით, უკანონო კავშირებს“,- განაცხადა ბურჯალიანმა.
ასევე გუშინ გაჟღერდა, რომ საფრანგეთის ჟანდარმერია მასალებს ქართულ მხარეს დღეს გადასცემს.
Internet.ge