12 აპრილს,
სეპარატისტული რეჟიმის ძალოვანი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად,
შესაძლებელი გახდა 6 ადამიანის დაკავება, რომლებიც 22 თებერვალს ალექსანდრე
ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები.
დაკავებულთა მიმართ საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები
ტარდება.
ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებულია დიდი
რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი: ავტომატები, პისტოლეტები, ხელის ყუმბართმტყორცნი,
ღამის ხედვის აპარატურა, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ასევე, ნარკოტიკული
საშუალებები - იუწყება „აპსნიპრესი“.
როგორც რუსული
მედია აფხაზეთის პროკურატურის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულთა შორის არის ბიზნესმენი ანზორ ბუთბა, -
აფხაზი ბიზნესმენის ბესლან ბუთბას ნათესავი, რომელიც, თავის მხრივ, ე.წ.
საპრეზიდენტო არჩევნებში ანქვაბის მოწინააღმდეგის, სერგეი შამბას მხარდამჭერია. გარდა ამისა,
რუსული გაზეთები ავრცელებენ პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებას, რომლის
თანახმადაც, ანქვაბმა „იცოდა სახელები თავდასხმის შემკვეთებისა. ის გაფრთხილებებს
იღებდა ბიზნესმენებისგან, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ მისი ბრძოლით ჩრდილოვან ეკონომიკასთან“
- წერს „ლაიფ ნიუსი“.
შეგახსენებთ, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერზე
თავდასხმა 22 თებერვალს დილით მოხდა. გუდაუთის გზაზე ცეცხლი გაუხსნეს მის კორტეჟს.
შედეგად, თავად ანქვაბი არ დაზარალებულა, დაიღუპა მისი დაცვის ორი წევრი.
internet.ge