შს სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი მოგელი ტოლიაშვილი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
მოგელი ტოლიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედროებმა სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ოსური მხარე იუწყება თითქოს წუხელ, ძაუს რაიონის ქარზმანის დასახლებულ პუნქტში ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივი „კგბ“-ს სასაზღვრო პოსტს.
„ოსინფორმის“ ცნობით, მესაზღვრეებს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ, მაგრამ თავდამსხმელის ძიება დაიწყეს.
„შედეგად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, დაკავებულია საქართველოს შსს-ს თანამშრომელი მოგოლ ტომიაშვილი, რომელიც ქართული დასახლებული პუნქტის ქსუისის მკვიდრია“ - წერს „ოსინფორმი“.
გამოცემის ცნობით, მომხდარის შესახებ ოსურმა მხარემ ქართული მხარე უკვე ჩააყენა საქმის კურსში.
Internet.ge