იუსტიციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა ბრიფინგი გამართა.
როგორც თინა ბურჯალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვლადიმერ ბედუკაძის საქმის მასალები, შემდგომი სამართალწარმოების მიზნით, ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა. ბურჯალიანის თქმით, მასალების გაგზავნის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოება გრძელდება ბელგიის კომპეტენტური სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
შეგახსენებტ, რომ პროკურატურაში პატიმრების წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამებისათვის ბრალდებულად არის ცნობილი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატიული მორიგე ვლადიმერ ბედუკაძე.
პროკურატურის განცხადებით, რადგან ვლადიმერ ბედუკაძემ მოახერხა ქვეყნის დატოვება და ამჟამად ის იმყოფება ბელგიის სამეფოში, ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით, დღეს გადაეგზავნა ბელგიის იუსტიციის სამინისტროს. სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაგზავნა განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაგზავნის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოება გრძელდება ბელგიის კომპეტენტური სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ქართული მხარე გააგრძელებს თანამშრომლობას ბელგიელ კოლეგებთან და მიაწვდის მათ მოპოვებულ ნებისმიერ დამატებით მტკიცებულებას.
გამოძიების ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და არაჰუმანული მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილისა და ქუთაისის მე-2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღლი თანამდებობის პირები.
internet.ge