ადვოკატ ქეთი ბექაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას
გათავისუფლების შემდეგ ისინი აპირებენ მიმართონ პროკურატურას,
საქმეების გადახედვის მოთხოვნით.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას ბექაურმა განაცხადა, საუბარია იმ
საქმეებზე, რის გამოც გამსახურდიას პატიმრობა შეეფარდა.
„მე მივმართე საპატრიარქოს, და პატრიარქს ცოტნეს ჯანმრთელობის
მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია მივუტანე, მოგეხსენებათ,
მისი მდგომარეობა რთულია. პატრიარქის შუამდგომლობით, ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან
გათავისუფლდა. ჩვენ ვიმყოფებოდით ილია მეორესთან, სადაც ერთსაათიანი შეხვედრა
გაიმართა. პატრიარქისგან გამსახურდიამ ლოცვა-კურთხევა მიიღო“,- განაცხადა
ბექაურმა.
ადვოკატის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია ამჟამად ნათესავების სახლში
იმყოფება და სავარაუდოდ, მისი საავადმყოფოში გადაყვანაც მოხდება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, საპატრიარქოს შუამდგომლობით,
გამსახურდია გუშინ შეიწყალა. მას იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარება და
განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად.
Internet.ge