მოსკოვში, 2009
წელს მოკლული ქართველის - ილია
ჯაფარიძის მკვლელს, 10
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსკოვის ლუბლინსკის სასამართლომ განაჩენი დღეს
გამოიტანა. დაუდგენელი პირები სასამართლოს სხდომის ჩაშლას შეეცადნენ, როცა
დარეკეს, რომ შენობაში ბომბი იდო, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.
26 წლის სამბისტი - იური ტიხომიროვი, ჯაფარიძეს თავისივე სახლთან დაესხა თავს და ტრავმატული
პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლა თავში. მისმა მეორე თანამზრახველმა ბეკლაგინმა კი ილიას 26-ჯერ დაარტყა დანა.
შემთხვევის ადგილზე იყო მესამე თავდამსხმელიც, რომელიც ბანდის წევრებს მანქანაში
ელოდებოდა.
ჯაფარიძე ფეხბურთის ფანებს შორის აქტიურად გამოდიოდა
რასიზმის წინააღმდეგ. ის სწორედ საფეხბურთო მატჩის წინა დღეს მოკლეს, რომელზეც ის
მეგობრებთან ერთად აპირებდა გამოეკიდა ბანერი „ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ“.
ერთ-ერთი ვერსიით მკვლელებს კავშირი აქვთ ნაციონალისტებთან,
ყოველ შემთხვევაში, ისინი იცნობდნენ ადვოკატ სტანისლავ მარკელოვისა და ჟურნალისტ
ანასტასია ბაბუროვას მკვლელობისთვის გასამართლებულ ნაციონალისტებს. ამ საქმის
მასალებში არის საუბრების ჩანაწერები, რომელშიც ნაციონალისტი ევგენია ხასისი ნიკიტა
ტიხონოვს ეუბნება, რომ იცნობს ჯაფარიძის მკვლელებს, ის მათ „სევერნის“ ჯგუფად
მოიხსენიებს. ამასთან, ხასისი და ჯაფარიძე
ერთად დადიოდნენ სპორტულ კლუბში. ილიას ფოტოები, როგორც ანტიფაშისტური მოძრაობის
აქტიური წევრისა, მაშინ, არაერთ ნაცისტურ ვებ-გვერდზე იყო გამოქვეყნებული.
თუმცა, როგორც ჯაფარიძის ადვოკატმა განაცხადა, სასამართლომ უარი თქვა მკვლელობის მოტივად
ნაციონალური შუღლი
ეღიარებინა, თუმცაღა გამოძიების დასკვნით, მკვლელობის მიზეზი სწორედ ეს იყო.
ტიხომიროვის თანამზრახველ ორ პირზე ძებნაა გამოცხადებული.
Internet.ge