იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატის, მაია გრიგოლიშვილის ძალისხმევით,
გ.გ., რომელსაც ქურდობისათვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა,
სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.
საქმის მასალების მიხედვით, გორის რაიონის სოფელ ზემო ხვითის
მკვიდრი გ.გ., რომლის მშობლებიც რამდენიმე წლის წინ განქორწინდნენ, ცალკე მცხოვრებ
მამას - ე.გ.-ს ესტურმა. ე.გ.-ს, მიღებული ტრამვის გამო, საქონლის მოვლა არ შეეძლო
და დახმარება ესაჭიროებოდა. მამასთან დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, გ.გ.-მ
მასთან რამდენიმე დღე მაინც დაჰყო. ბოლო დღეს კი, ე.გ.-ის სახლში ქეიფი გაიმართა,
რასაც გორიდან ჩამოსული მისი უფროსი შვილი და იმავე სოფელში მცხოვრები ბიძაშვილი
დაესწრნენ. გ.გ მამას სუფრის გაწყობაში დაეხმარა. სტუმრების წასვლის შემდეგ კი შინ
დაბრუნება დააპირა, რა დროსაც ე.გ.-მ ჭურჭლის კარადაში შენახული 50 ლარის
ქურდობაში დაადანაშაულა. გ.გ.-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ბრალდებულს საკუთარი სახსრებით დამცველის მოწვევა არ შეეძლო, ამიტომ მას
საზოგადოებრივი ადვოკატი მაია გრიგოლიშვილი დაენიშნა.
მთავარ სასამართლო სხდომაზე მოწმეებად დაკითხვისას, ქეიფის
მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ ბრალდებულს მართლაც ჰქონდა წვდომა კარადასთან,
რომელშიც ფული ინახებოდა, თუმცა არც ერთი მათგანი ქურდობის ფაქტს არ შესწრებია.
გარდა ამისა, დაიკითხა ბრალდებულის დედა - დაზარალებულის ყოფილი მეუღლე. მან
მამა-შვილის ურთიერთობები დაახასიათა და აღნიშნა, რომ ე.გ.-სთან თანაცხოვრების
პერიოდში, ამ უკანასკნელს, უყურადღებობის გამო, არაერთხელ დაკარგვია ფული, რომელიც
მოგვიანებით ხელუხლებელი აღმოუჩენიათ.
მოწმეთა ჩვენებებით გ.გ.-ის ბრალეულობა უტყუარად არ დასტურდებოდა.
ამიტომ, მაია გრიგოლიშვილმა მისი გამართლება მოითხოვა. საბოლოოდ, გორის რაიონულმა
სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია და გ.გ.-ის მიმართ
გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
აღსანიშნავია, რომ გ.გ. მეთოთხმეტე ბრალდებულია, რომელიც წელს
იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ძალისხმევით გამართლდა.
საზოგადოებრივი ადვოკატების დახმარებით, წელს კიდევ 13 ბრალდებული სხვადასხვა
დანაშაულის, მათ შორის, უკანონო ნადირობის, ქურდობის, დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული ნივთების შეძენა-გასაღების, საბრძოლოს მასალისა და ნარკოტიკული
ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდებაში გამართლდა.
internet.ge