ტულუზის პროკურატურამ ტერორისტ მოჰამედ მერას ოჯახს უფლება მისცა შვილი ალჟირში დაკრძალოს, - იუწყება Agense France-Presse.
შესაბამისი ნებართვა მკვლელის ახლობლებმა ჯერ კიდევ 23 მარტს მიიღეს, სამშაბათს კი ალჟირის საკონსულოს ცხედრის გადატანაზე სანქციის გაცემა სთხოვეს. ამჟამად ელოდებიან იმ პროვინციის ხელმძღვანელობის პასუხს, სადაც მერას მამის მიერ არჩეული სასაფლაო მდებარეობს. ეს არის დასახლება მედეა, საიდანაც მოჰამედის მამაა წარმოშობით.
გარდა ამისა, ტერორისტის მამამ განაცხადა, რომ უჩივლებს საფრანგეთის ხელისუფლებას, რომელმაც ვერ შეძლო მისი შვილის ცოცხლად აყვანა.
ტელეარხ ალ-ჯაზირას ხელში კი აღმოჩნდა ვიდეო, რომელზეც მერას მიერ ჩადენილი ყველა მკვლელობაა გადაღებული. ნიკოლა სარკოზიმ მოუწოდა მედიას, არ უჩვენონ ეთერში ეს კადრები, რომელიც თავად ტერორისტმა პორტატული ვიდეოკამერით გადაიღო.
ალ-ჯაზირას ეს მასალა ანონიმმა წყარომ გადასცა. 25 წუთიან ჩანაწერს სათაურიც აქვს: „ალ-ქაედა უტევს საფრანგეთს“.
ტელეკომპანიის პარიზის ბიუროს ხელმძღვანელი ზიედ ტარუში ამბობს, რომ ჩანაწერი პროფესიონალურადაა დამონტაჟებული და მასში ასახულია ყველა თავდასხმა ტულუზასა და მონტაბანეში, - დაწყებული ჯარისკაცის მკვლელობით, დამთავრებული სკოლაში მოწყობილი სასაკლაოთი.
„ისმის მკვლელის ხმა, მსხვერპლთა შეძახილები. ჩანაწერის ყურებისას მე იგივე განვიცადე, რასაც ნებისმიერი ადამიანი განიცდიდა ასეთი კადრების ნახვისას“ - განაცხადა ტარუშმა.
მისი თქმით ვიდეოჩანაწერს ფონად გასდევს სიმღერები არაბულ ენაზე და ტექსტები ყურანიდან.
ეს მასალა ალ-ჯაზირამ ფოსტით მიიღო. წერილში, რომელიც მას თან ახლდა, ეწერა, რომ თავდასხმა ალ-ქაედას სახელით მოხდა.
„როგორც წესი, ალ-ქაედას მსგავსი ტიპის განცხადებები არაბულად იწერება, თუმცა ამჯერად წერილი ფრანგულ ენაზე იყო შედგენილი, რაც უცნაურია“ - განაცხადა ზიედ ტარუშმა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მოჰამედ მერა დანაშაულის ჩადენამდე ორი დღით ადრე გაშორდა თავის მეუღლეს, რომელთანაც რამდენიმე თვის წინ იქორწინა.
ყოფილი ცოლი, რომელსაც არ სურს ვინაობის გამხელა, ამბობს, რომ იქორწინეს 15 დეკემბერს, გაყრა კი 20 მარტს გააფორმეს. ახალგაზრდა ქალმა უარი თქვა ესაუბრა გაყრის მიზეზებსა და თავად მერას ხასიათზე, რადგან იცავს ტერორისტის ოჯახის პოზიციას და ასეთ თემებზე დუმილს ამჯობინებს.
internet.ge