ყოფილი ქართველი გენერლის რომან დუმბაძის მკვლელობის ფაქტზე
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, დუმბაძე მოკლულია
პსმ სისტემის პისტოლეტით, საიდანაც 7 ტყვიაა გასროლილი.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ექს-გენერალი თავსა და მუცლის
არეში მიღებული ჭრილობების
შედეგად, შემთხვევის
ადგილზე, სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ბრიგადის
მისვლამდე გარდაიცვალა.
მკვლელობის მოტივის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა
სამართალდამცავები გუშინ აცხადებდნენ, რომ დანაშაულის ხასიათი შეკვეთილ მკვლელობაზე მეტყველებს.
რომან დუმბაძე მოსკოვში გუშინ
მოკლეს. მას ორმა უცნობმა ესროლა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლით
მიიმალნენ. პოლიციამ მოტოციკლი უკვე იპოვა.
რომან დუმბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადას მეთაურობდა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, აჭარაში განვითარებული მოვლენების დროს, მან უარი თქვა დამორჩილებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ბრძანებებს და განაცხადა, რომ ის მხოლოდ ასლან აბაშიძის ბრძანებებს შეასრულებდა.
დუმბაძე 2006 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთმა, რომან დუმბაძის აგვისტოს ომის დროს დატყვევებულ ქართველ სამხედროებზე გაცვლა ითხოვა. იგი ენგურის ხიდიდან, სადაც გაცვლა შედგა, პირადად რუსმა გენერალმა ბორისოვმა წაიყვანა.
Internet.ge