უკრაინის გენპროკურატურა დახურავს ვიქტორ
იუშენკოს მოწამვლის საქმეს, თუ ექს-პრეზიდენტი განმეორებით სისხლის ანალიზს არ
აიღებს. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ პშონკამ განაცხადა.
„მე თავად მომხრე ვარ იმისა, რომ ეს საქმე როდესმე
დამთავრდეს. გამოძიების შეწყვეტისათვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, რადგან ის
არ აბარებს სისხლს. მაგრამ მოვა დრო და იტყვიან: აი, არ ჩააბარა სისხლი და საქმე
დახურეს. ჩვენ მაქსიმალურ მოთმინებას გამოვიჩენთ წლის ბოლომდე, რის შემდეგაც საქმე
დაიხეურება“ - განაცხადა პშონკამ.
ვიქტორ იუშენკო, სავარაუდოდ, 2004 წლის
სექტემბერში მოწამლეს, როცა ის უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. მისი
მომხრეების განცხადებით, ეს იუშენკოს პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა გააკეთეს.
როცა იუშენკომ არჩევნები მოიგო, ის ამტკიცებდა, რომ საწამლავი - დიოქსინი, მის
საკვებში, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილის
ვლადიმერ საციუკის აგარაკზე, ვახშმის დროს შეურიეს. 2005 წელს, საციუკის
წინააღმდეგ, საქმე სამხედრო წოდების უკანონოდ მითვისების გამო აღძრეს, რის
შემდეგაც ის რუსეთში გაიქცა და რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო. უკრაინაში
ხელისუფრლების შეცვლის შემდეგ კი, 2011 წელს, საციუკმა უკრაინაში დაბრუნება შეძლო.
2005 წელს იუშენკომ განაცხადა, რომ სისხლის ანალიზი
ავსტრიის კლინიკაში ჩააბარა, რომელმაც მის ორგანიზმში დიოქსინის არსებობა
დაადასტურა. თუმცა ეს მონაცემები ოფიციალურად არ გამოცხადებულა. 2011 წელს
გენპროკურატურამ განაცხადა, რომ დახურავდა საქმეს, თუკი ექს-პრეზიდენტი სისხლს არ
ჩააბარებდა, თუმცა ამ დრომდე სიტუაცია არ შეცვლილა.
internet.ge