23 წლის ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მედიისთვის პროცესის გაშუქების აკრძალვას მოითხოვს
10:41 05.06.2012
|
დღის სიახლეები
|
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განახლდა. 23 წლის ზურა ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა, მესამე საქმეა, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
ზურა ტარყაშვილი გასული წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოკლეს. რამდენიმე შეიარაღებული პირი, რომელსაც მისი მოკვლა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ტარყაშვილს ლაღიძის ქუჩაზე აედევნა. მას 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათ შორის ორი საკონტროლო გასროლა იყო.
ამ დროისთვის მკვლელობის მუხლით ბრალი წაყენებული მხოლოდ სამ პირს აქვს: ივერი გოგბერაშვილს, ირაკლი აგლაძესა და დავით რუსიშვილს.
შემზარავ მკვლელობას, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში მოხდა, უამრავი თვითმხილველი ყავდა, მათ შორის იყვნენ გარდაცვლილის დედა და და. ნაფიცმა მსაჯულებმა გუშინ სწორედ მისი დის, ეკა ტარყაშვილის ჩვენება მოისმინეს.
დავით რუსიშვილი პოლიციამ მკვლელობის მესამე დღეს დააკავა, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა თუ როგორ უთვალთვალებდა ზურას, როგორ დაგეგმეს და განახორციელეს მკვლელობა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და სწორედ ამიტომ წარსდგა ნაფიც მსაჯულთა წინაშე.
რუსიშვილმა უნდა შეძლოს 12 ნაფიცი მსაჯულის დარწმუნება, რომ დანაშაული, რომელზეც ის მკვლელობიდან მესამე დღეს საუბრობდა, თავად არ ჩაუდენია. მისი ადვოკატი ალაპარაკდა მკვლელობაში მონაწილე სხვა პირზეც. რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი და მიმალვაში იმყოფება.
დღეს სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, რუსიშვილის ადვოკატმა - ნიკოლეიშვილმა შუამდგომლობა დააყენა აიკრძალოს პროცესის გაშუქება მედიასაშუალებებში, რუსიშვილის ინტერესების დასაცავად ფაქტობრივად უფლებადამცველმა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მოსთხოვა მოსამართლეს.
შეგახსენებთ, რომ ყველა პროცესი, რომელიც აქამდე გაიმართა, საჯარო იყო და მასზე დასწრება და გაშუქება ნებისმიერ მედიასაშუალებას შეეძლო. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების იდეაც სწორედ ის იყო, რომ განაჩენი გამოეტანა საზოგადოებას და არა კონკრეტულ მოსამართლეს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|