შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ტელეკომპანია „მაესტროს“ გორის ბიუროს ხელმძღვანელის, ია თინიკაშვილის სამსახურებრივი ავტომობილისთვის
ცეცხლის გახსნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შშს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ გვენეტაძემ განუცხადა, მომხდარზე პოლიციამ
მოკვლევა დაიწყო.
„შემთხვევა გუშინ საღამოს, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანთან მოხდა.
მოქალაქე ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე გუშინვე იმყოფებოდნენ
კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები, მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა
გვენეტაძემ.
გუშინ, გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის შესასვლელთან, ტელეკომპანია „მაესტროს“ გორის ბიუროს ხელმძღვანელის, ია თინიკაშვილის სამსახურეობრივ ავტომობილს, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
internet.ge