მალაიზიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, დარეჯან კოხტაშვილს, სიკვდილით აღარ დასჯიან.
ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პროკურატურის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ დღეს, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის მიხედვითაც ქალბატონს ჩამოხჩობის ნაცვლად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„2 წლიანი მცდელობის შედეგად ქართულმა მხარემ მიაღწია მიზანს და მალაიზიაში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს სიკვდილით აღარ დასჯიან. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 2 წელი უკვე მოხდილი აქვს“,- განაცხადა დავით საყვარელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის მეორე დაკავებულის საქართველოს მოქალაქის ბაბუცა გორდაძის საქმესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორ მოქალაქე ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიელმა სამართალდამცველებმა 2010 წლის ოქტომბერში, ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს. მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.
Internet.ge