გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, გაზეთ „კახეთის ხმის“ ჟურნალისტის, სოფო ნიკოლაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი"-ს უზენაესი სასამართლოს პრესამსახურში განუცხადეს, 30 მარტს, პროცესის გადადების საფუძველი მხარეთა შუამდგომლობა გახდა და სხდომა 2 აპრილს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
სისხლის სამართლის საქმეზე, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რომელიც შესაძლოა დღეს, სოფო ნიკოლაშვილის დარბაზიდან გათავისუფლებით დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ჟურნალისტი, სოფო ნიკოლაშვილი 31 იანვარს დააკავეს. მას ბრალი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის, გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ედება.
აღნიშნულ საქმეზე, სამთავრობო საათზე, შს მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძემაც ისაუბრა. “მთავარი ის არის, რომ ამჟამად, ადვოკატი და პროკურატურა შეძლებისდაგვარად მუშაობენ - ნაკლებად მძიმე აღმკვეთ ღონისძიებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელი ქალბატონია”, - განაცხადა ზღულაძემ.
internet.ge