საქართველოს პროკურატურა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"2012 წლის 20 ივნისს, დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან
დაკავშირებით. ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის კონტროლის პალატის
მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიუთითებს, რომ კონტროლის პალატის წერილობითი
გაფრთხილების მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან გრძელდება ამომრჩევლებისათვის
პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ
გადაცემა. აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლის შესწავლაც
მიმდინარეობს გამოძიების ფარგლებში.
პროკურატურის მოთხოვნის
საფუძველზე, 2012 წლის 21 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო
დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოძიებამ დააყადაღა კომპანია „ელიტა
ბურჯის“, კომპლექს „ციცინათელას“ და სხვადასხვა კომპანიების საწყობებში არსებული
ანტენები. ამჟამად დაყადაღების პროცესი დასრულებულია.
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას,
ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და
პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის
თავისუფლების უზრუნველყოფას.
გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ საქართველოს
პროკურატურა დამატებით გაცნობებთ."
internet.ge