პროკურატურა ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:
"წინა ისტორია: მიმდინარე წლის 20 ივნისს ქართული ოცნების სახელით და მისთვის არჩევნებზე მხარდაჭერის პირობით, პრაქტიკულად უსასყიდლოდ, სატელიტური ანტენების დარიგების გამო, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძების ფარგლებში, პროკურატურამ დააყადაღა შპს „ელიტა-ბურჯისა" და სხვა კომპანიების საწყობებში არსებული დასარიგებლად გამზადებული ანტენები.
"მაესტროს" საქმე: მიუხედავად დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული ამ ზომებისა, გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, შპს „მაესტრომ", პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიების - შპს „ელიტა-ბურჯის" წარმომადგენელთა მითითებით თვალთმაქცური გარიგებების გზით, საქართველოში შემოიტანა ათასობით სატელიტური ანტენა, რომელიც უნდა დარიგებულიყო „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ უკვე აპრობირებული სქემით.
მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნებისათვის" სატელიტური ანტენების იმპროტს თვალთმაქცური გარიგებების მეშვეობით ახორციელებს შპს "მაესტრო", რომელმაც ჩაანაცვლა შპს „ელიტა ბურჯი" და სხვა კომპანიები. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრის დაფარვის მიზნით, შ.პ.ს. „ელიტა ბურჯი" მზად იყო ანტენების ეტიკეტების ხელახლა დასამზადებლად და შესაფუთად გადაეხადა რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი, რათა არ გამჟღავნებულიყო რეალური მესაკუთრის („ელიტა ბურჯი", „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი") შესახებ მონაცემები. თუმცა, აღნიშნული სქემის განხორციელება სრულად ვერ მოხერხდა და ტვირთის ნაწილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტების მიხედვით "მაესტროს" საკუთრებაა, ეტიკეტების მიხედვით, ისევ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" ეკუთვნის.
საბაჟოსთვის მიწოდებული დოკუმენტების მიხედვით, "მაესტროს" მიმწოდებელი არის იგივე თურქული კომპანია, რომელმაც ანტენები შ.პ.ს. „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" მიაწოდა.
გამოძიების მიხედვით ასევე დასტურდება, რომ განბაჟების პროცესს ახორციელებდა შ.პ.ს. „ელიტა ბურჯის" რამდენიმე წარმომადგენელი და არა შ.პ.ს. „მაესტროს" შესაბამისი პირი, რაც ასევე დამატებით ადასტურებს გარიგებების თვალთმაქცობას.
ნათელია, რომ მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა არა შ.პ.ს. „მაესტრო", არამედ შ.პ.ს. „ელიტა ბურჯი". სწორედ ამიტომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული პროცედურის დაცვით, საქართველოს პროკურატურამ დააყადაღა სატელიტური ანტენები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164(1) მუხლით."
internet.ge