თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 2012 წლის 5 აპრილს, სასამართლომ გიორგი ნასარიძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ 16 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
"გიორგი ნასარიძეს ბრალად ედებოდა შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობა, ასევე პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.
საქმის მასალების მიხედვით:
2011 წლის ივლისის დასაწყისში, გიორგი ნასარიძე ქ. ქუთაისიდან, სამუშაოდ თბილისში ჩამოვიდა. ის სოფელ მუხათწყაროში ერთ-ერთ ოჯახში რკინის დეკორატიულ ნაკეთობებს ამზადებდა. ამავე წლის აგვისტოს თვეში გიორგი ნასარიძემ დაასრულა აღნიშნული შეკვეთა და შესაბამისი ფულადი გასამრჯელოც მიიღო. თანხის აღების დღესვე გიორგი ნასარიძე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თავის მეგობარს - აკაკი კ.-ს და შეხვედრის შემდეგ ისინი სავახშმოდ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე რესტორან "ძველ დუქანში” შევიდნენ. გიორგი ნასარიძემ და აკაკი კ.-მ ვახშმობისას დიდი რაოდენობით ალკოჰოლურო სასმელი მიიღეს და აღნიშნული რესტორნიდან დაახლოებით 24 საათისთვის გამოვიდნენ. ჯერ-კიდევ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, მათ ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც შემდგომ ტაქსით მგზავრობის დროსაც გაგრძელდა.
ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტი საბოლოოდ ხმამაღალ სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, გიორგი ნასარიძემ თანნაქონი დანით, აკაკი კ.-ს გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ გიორგი ნასარიძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო აკაკი კ. საავადმყოფიში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
გიორგი ნასარიძე დანაშაულის ჩადენის შემდეგ ცდილობდა დაუყონებლივ დაეტოვებინა თბილისი და ქუთაისში გამგზავრებულიყო. ამ მიზნით იგი მივიდა თბილისში, დიდუბის რაიონში მდებარე ავტოსადგურ - "ოკრიბას” ტერიტორიაზე, სადაც არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლებს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ფიზიკური წინააღმდეგობაც გაუწია, თუმცა გიორგი ნასარიძე დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გიორგი ნასარიძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო,ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკნებით და მხარეთა მიერ გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სრულად დადასტურდა გიორგი ნასარიძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი."
internet.ge