იმპერია Tetra
Pak-ის შთამომავალ მილიარდელ ჰანს კრისტიან რაუსინგს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯეს იმის გამო, რომ სახლში გარდაცვლილი ცოლის ცხედარს ინახავდა. ამის შესახებ
„ფრანს-პრესი“ იუწყება. თუმცა განაჩენის აღსრულება 2 წლის შემდეგ დაიწყება,
რადგანაც მანამდე რაუსინფმა ნარკოდამოკიდებულების გამო მკურნალობის კურსი უნდა
გაიაროს.
რაუსინგს ბრალი წაუყენეს, ასევე ნარკოტიკული თრობის დროს მანქანის მართვის გამოც.
49 წლის მილიარდელი ივლისში მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს, რის
შემდეგაც ნარკოტიკები აღმოუჩინეს. პოლიციამ მისი სახლის გაჩხრეკაც დააპირა და
სწორედ ამ დროს მიაგნეს ნახევრადგახრწნილ გვამსაც. 48 წლის ევა რაუსინგის ცხედარი
ტომრებში იყო გახვეული და როგორც გაირკვა, სახლში 2 თვის განმავლობაში ინახებოდა.
ეჭვი, რა თქმა უნდა, მილიარდელზე მიიტანეს, თუმცა ცხედრის ექსპერტიზამ დაადგინა,
რომ ევა დიდი რაოდენობით კოკაინის მიღების შედეგად დაიღუპა.
ქმარმა განაცხადა, რომ ვერ შეეგუა ევას
სიკვდილს და ამიტომაც, ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობდა ცხოვრებას - თითქოს არაფერი
მომხდარა.
ცნობილია, რომ რაუსინგების ოჯახი ნარკოდამოკიდებული იყო წლების მანძილზე.
მომავალმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთი სარეაბილიტაციო კურსებზე გაიცნეს.
„სანდი თაიმსის“ რეიტინგების მიხედვით რაუსინგების ოჯახის ფინანსური მდგომარეობა
6,7 მილიარდ დოლარად ფასდება. თუმცაღა, ჰანს კრისტიანი აღარ მონაწილეობს მშობლების
ბიზნესში და მოგზაურობას არჩევს.
internet.ge