ბანკის დამფუძნებელმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცავებმა „პროგრეს ბანკის“ ორი თანამშრომელი დააკავეს.
კახი კალაძის თქმით, ორივე დაკავებული პრობლემურ საბანკო ოპერაციებთან
იყო კავშირში, საქმე დიდი ოდენობით სესხის გაცემას ეხება, თუმცა კონკრეტულად რა
თანხა გაიცა და რა სახის უკანონო ოპერაცია შესრულდა, ამაზე კალაძეს
კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც მან
აღნიშნა, პროკურატურა ერთ-ერთ დაკავებულს უკანონო ოპერაციის დამკვეთად კახი
კალაძის დასახელებას აიძულებდა.
“ძალიან დიდი მუქარა და ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ მას დაესახელებინა
ჩემი სახელი და გვარი, თითქოს მე ვავალებდი ამ ადამიანს გაეკეთებინა რაიმე უკანონო
ოპერაცია, ყველა ოპერაცია, რომელიც ჩატარებულია ბანკის დაარსებიდან დღემდე, არის
კანონის ფარგლებში“- განაცხადა კალაძემ.
სამართალდამცავებმა "პროგრეს ბანკის" თანამშრომლები 20 აგვისტოს დააკავეს.
internet.ge