მოლდოვა დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას და დნესტრზე სამშვიდობო ფორმატის შეცვლას ითხოვს. ამის შესახებ მოლდოვას ვიცე-პრემიერმა ევგენი კარპოვმა განაცხადა. მისი თქმით, დნესტრისპირეთში უცხოური სახელმწიფოს ჯარების ყოფნა ეწინააღმდეგება მოლოდვას კონსტიტუციას. ის ამბობს, რომ არანაირი „იურიდიული ბაზა“ ამ ჯარების დნესტრისპირეთში ყოფნისა, არ არსებობს.
გარდა ამისა, გუშინ კიშინოვში მოლდოვასა და ნატო-ს წევრ რუმინეთს შორის სამხედრო სფეროში სამთავრობოთაშორისო შეთანხმება გაფორმდა.
მოსკოვი უკვე შეშფოთდა. მოლდოვას რუმინეთთან და შესაბამისად, ნატო-სთან დაახლოება კრემლის გეგმებს ეწინააღმდეგება. ამიტომაც, მედვედევის მიერ ცოტა ხნის წინ დნესტრისპირეთში სპეცწარმომადგენლად დანიშნულმა რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი რაგოზინმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ მოლდოვამ არჩევანი უნდა გააკეთოს - რა სურს, თან მისი ტერიტორიული მთლიანობის დაქუცმაცებით დაიმუქრა კიდეც:
„თუ მათ რუმინეთთან სურთ, დიდი სურვილის მიუხედავად, რომ დავეხმაროთ ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნებაში, ჩვენ ეს არ გამოგვივა“- განაცხადა რაგოზინმა და გააფრთხილა კიშინიოვი, რომ არა მარტო დნესტრისპირეთში, არამედ „ქვეყნის სხვა ნაწილებთანაც“ შეექმნებათ პრობლემები.
რაგოზინი მოლდოვას საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული 2008 წლის ომისა და მისი შემდგომი სცენარით დაემუქრა, როცა განაცხადა, რომ „არ გვქონდა რა სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენ იძულებულნი ვიყავით გვეცნო მისი დამოუკიდებლობა, რათა ლეგიტიმაცია მომხდარიყო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების, რომელმაც იქ, ჩვენი სამხედრო ძალების ყოფნის ლეგიტიმური უფლება მოგვცა“ - განაცხადა რაგოზინმა და დასძინა, რომ დნესტრისპირეთის ისტორია შეიძლება განხილულ იყოს სწორედ ამ მოვლენების კონტექსტში.
Internet.ge