”მთიანი
ყარაბაღის რთული კონფლიქტის დასარეგულირებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა
მილიტარისტული რიტორიკის ხარისხმა მოიკლოს, რამდენადაც ეს ოდნავადაც არ უწყობს ხელს
პრობლემის გადაჭრას და პირიქით, სიტუაციის ესკალაციას იწვევს,”- სააგენტო
„რეგნუმის“ ცნობით, ამის შესახებ ერევანში ჟურნალისტებთან შეხვედრისას სამხრეთ
კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში
ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორმა განაცხადა.
მისი თქმით,
რეგიონში გამალებული შეიარაღების ტენდენცია შეინიშნება და მხარეები თავის სახსრებს
იარაღის შესყიდვაზე ხარჯავენ, რაც შეშფოთებას იწვევს. ასეთმა ვითარებამ კი ლეფორის
თქმით, შეიძლება კატასტროფა არა მარტო სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ
საქართველოსა და თურქეთისთვისაც მოიტანოს.
მთიან
ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, ლეფორის აზრით, შეუძლებელი იქნება, კონფლიქტი, გეოგრაფიულად,
მხოლოდ ამიერკავკასიის რეგიონში შემოისაზღვროს: ის ორივე მხარის განადგურებას
გამოიწვევს და უფრო მძიმე შედეგებს მოიტანს, ვიდრე საქართველოში 2008 წლის
აგვისტოს ომმა მოიტანა.
ყარაბაღის
კონფლიქტის ზონაში დღევანდელი ინცინდენტის შესახებ საუბრისას ლეფორმა განაცხადა,
რომ ასეთი ფაქტები უფრო მეტად ამწვავებს კონფლიქტს და მხარეებმა პატივი უნდა სცენ
აღებულ ვალდებულებებს, რამდენადაც სიტუაციის შეცვლისა და გარდაქმნების
აუცილებლობის კოლექტიური გააზრების დრო მოვიდა.
როგორც
ცნობილია, დღეს დილით სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები მიმდინარეობდა. ორივე
მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.
Internet.ge