რუსეთის გენშტაბი სირიაში სადესანტო გემებისა და საზღვაო ქვეითების გაგზავნას ადასტურებს
დიდი სადესანტო გემების
შემადგენლობა, მათ შორის, გემები „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ და „ცეზარ კუზნეცოვი“
ამთავრებს მზადების პროცესს, რათა ხმელთაშუა ზღვაში გავიდეს და სირიის პორტ
ტარტუსში, სადაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფის ბაზაა განთავსებული, სპეციალური ამოცანები შეასრულოს. ამის შესახებ
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარ შტაბზე დაყრდნობით სააგენტო „ინტერფაქსი“
იუწყება.
გემების ტარტუსში
გამგზავრების მთავარ ამოცანად სირიაში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისა და თავად ტარტუსის
პორტში თავისი ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება. კერძოდ, საუბარია
იმაზე, რომ ამ გემებმა, საჭიროების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია
უნდა მოახდინონ.
როგორც ცნობილია,
რამდენიმე დღის წინ ამერიკული მხარე იუწყებოდა, რომ „სირიის მიმართულებით დაძრულია
რუსეთის სადესანტო გემი „ნიკოლაი ფილჩენკოვი“, რომელსაც იარაღთან ერთად სირიაში
საზღვაო ქვეითთა დანაყოფიც მიჰყავს“. აშშ-ის ცნობით, „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ დიდი
გემია, რომელიც 1700 ტონა ტვირთსა და 300 სამხედრო მოსამსახურეს იტევს.
მაშინ მოსკოვი აღნიშნულ
ინფორმაციას უარყოფდა. თუმცა ამჯერად თავადვე დაადასტურა, რომ არა ერთი, არამედ
ორი სადესანტო გემი გაემგზავრება სირიაში, რომელთა ბორტებზეც საზღვაო ქვეითები
არიან განთავსებულნი.
Internet.ge