თურქეთი არ აპირებს ჩამოგდებული
თვითმფრინავის გამო სირიას ომი გამოუცხადოს, მაგრამ აპირებს მოითხოვოს ბოდიშის
მოხდა და კომპენსაცია - განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენტ
არინჩმა.
„ჩვენ არ ვართ ქვეყანა,
რომელიც სამხედრო ვნებებს აღვივებს. ჩვენ არავისთან ომს არ ვაპირებთ. ჩვენ
სერიოზული სახელმწიფო ვართ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ამასთან, ამას ეტაპობრივად
ვაპირებთ“ - განაცხადა არინჩმა მთავრობის სხდომაზე, რომელზეც სირიის მიერ თურქული
თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საპასუხო ზომებს განიხილავდნენ.
ვიცე-პრემიერმა
განაცხადა, რომ ანკარა ბოდიშსა და კომპენსაციას მოითხოვს. მან „სხვა ზომების
გამოყენებაც“ არ გამორიცხა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ზომებს გულისხმობდა.
როგორც ცნობილია,
თურქეთის სადაზვერვო თვითმფრინავი RF-4E,
რომელიც 22 ივნისს ავიაბაზა „ერხაჩიდან“ აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა, ცოტა
ხანში კი სირიამ განაცხადა, რომ თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდო, რადგან მან სირიის
საჰაერო სივრცე დაარღვია.
თურქეთი
ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იქნა ჩამოგდებული და
სირიის ტერიტორიულ წყლებში მისი ნაწილები ჩაცვივდა. ანკარას განცხადებით,
თვითმფრინავი „სატესტო და სასწავლო ფრენას ახორციელებდა - ნაციონალური რადარის
ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და მისი ქმედება არ იყო მიმართული სირიის
წინააღმდეგ“.
თურქმა
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თვითმფრინავის ბორტზე არ ყოფილა იარაღი; მისი
აფრენის შესახებ სირიაც ადრევე იყო გაფრთხილებული, ამასთან, სირიულმა მხარემ არ გააფრთხილა თვითმფრინავის
ეკიპაჟი, თუ რას აპირებდა, რასაც საერთაშორისო კანონმდებლობა მოითხოვს.
დღეს
თურქულ თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინცინდენტს ნატო განიხილავს.
Internet.ge