სირიის
რეჟიმი თავის სამხედროებს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვისა და სოფლების
განადგურების ბრძანებას აძლევს. ამის შესახებ „სქაი ნიუსს“ ნაციონალური არმიის
სამხედრო მოსამსახურემ განუცხადა, რომელიც ამბოხებულ ოპოზიციონერთა ტყვეობაში
მოხვდა.
ტელეარხის ინფორმაციით, მასთან საუბარი სირიის ჩრდილოეთით, თურქეთთან საზღვრის
სიახლოვეს შედგა.
ტყვე
აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ატყუებს არმიას, ამტკიცებს რა, რომ მათი
სამიზნე ტერორისტები არიან.
ინტერვიუ დატყვევებულ
სამხედროებთან თავისუფალი სირიის არმიის წარმომადგენლების თანდასწრებით ჩაწერეს.
საუბრის დასაწყისში ჟურნალისტი აფრთხილებს მეამბოხეებს, რომ დაკავებულებისთვის
პასუხების გაცემა არ ეიძულებინათ.
სირიის
რეჟიმი თავიდანვე უარყოფდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლის ბრძანებებს
გასცემდა. ასადმა თავად განაცხადა, რომ „ასეთი ბრძანების გაცემა მხოლოდ გიჟს
შეუძლია“. ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერორისტებს ებრძვის და მაგალითად, ქალაქ
ჰულას მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივად ამოხოცვის ფაქტიც, „ჩამოწერეს“, როგორც
ტერორისტებთან ბრძოლა.
ასადის
არმიიდან დატყვევებული პირების ნაამბობი იმ ფონზე გავრცელდა, როცა გახშირდა სამთავრობო
ჯარებიდან დეზერტირობის შემთხვევები. თურქეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ 30
სამხედრო პირი, მათ შორის, ერთი გენერალიც გადავიდა. კიდევ ერთი გენერალი კი,
რომელიც ერთი თვის წინ განუდგა ბაშარ ასადს, ამბობს, რომ სირიის არმია ფიზიკურად
და მორალურად განადგურებულია და ამ დროისათვის, ასადს, ქვეყნის 60%-ზე კონტროლი
უკვე დაკარგული აქვს.
internet.ge