საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი წრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია
გამართა ქართველი ჟურნალისტებისათვის, სადაც მის მიმართ დაგროვილ კითხვებს გასცა
პასუხი. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ნაკრებში ნიკოლოზ ცქიტიშვილისა და
ვლადიმერ ბოისას არგამოძახება იყო, რაზეც სერბ სპეციალისტს ასეთი პოზიცია აქვს.
იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მძიმე ფორვარდის პოზიციაზე გვყავს არაერთი მოთამაშე - თორნიკე შენგელია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვოვა ბოისა, ნიკა მეტრეველი. ეს ერთი პოზიციისთვის ძალიან ბევრია. ნაკრებში 12 საუკეთესო მოთამაშე კი არ უნდა იყოს, არამედ 12 პოზიციურად ზუსტად დაბალანსებული კალათბურთელი.
ბოისა და ცქიტიშვილი რომ ამეყვანა, დროის განაწილებას ვერ მოვახერხებდი. ანუ მათ არ მოუწევდათ თამაში. ამ პოზიციაზე მე ხუთეულის წევრად თორნიკე შენგელიას ვხედავ, ასევე ნაკრების მომავალია ნიკა მეტრეველი.
გავიხსენოთ, როცა თორნიკე სრულიად ახალგაზრდა იყო, თამაში ცქიტიშვილს და ბოისას უწევდათ. ერთ ზაფხულს ვოვა რომ ვერ ჩამოვიდა, შენგელიას ხუთეულშიც ვათამაშებდი. ის ბრწყინვალე კალათბურთელი გაიზარდა და პროგრესს კიდევ განიცდის. ჩემი აზრით ის მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს.
შარშან ევროპის ჩემპიონატზე მე თორნიკე მე-3 ნომერზე გადავწიე და ბოისასთან ერთად ვათამაშებდი ხუთეულში. თქვენს კითხვას რომ მოკლედ ვუპასუხო, ცქიტიშვილისა და ბოისას არწაყვანის მიზეზი მძიმე ფორვარდის პოზიციის გადატვირთვაა. მე შემეძლო ისინი გუნდში ამეყვანა და ყოფილიყვნენ განაცხადში, მაგრამ მათ არ მოუწევდათ თამაში. თორნიკე ახალგაზრდაა და აქცენტი მასზე გაკეთდა. ის ითამაშებს ისე, როგორც ყველა ქართველ გულშემატკივარს გაუხარდება.
არავითარი პირადული, ეს იყო პროფესიონალური გადაწყვეტილება. ასეთ ვითარებაში, მე ისეთი გადაწყვეტილება მივიღე, რაც საუკეთესო იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.”
Internet.ge