საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ განაცხადი შეიტანა
საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ განაცხადი
შეიტანა.
თავდაპირველად, აღნიშნული განაცხადის შეტანას საქართველო
აზერბაიჯანთან ერთად აპირებდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს
პრეს-სამსახურის განმარტებით, გადაწყვეტილების
შეცვლა შემდეგმა ვითარებამ განაპირობა:
„გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ აზერბაიჯანს შეტანილი აქვს განაცხადი
2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე და დაგეგმილია ძალზე
სერიოზული კამპანია ოლიმპიური თამაშების უფლების მოპოვებაზე, საერთო
შეთანხმებით გადაწყდა, რომ
აზერბაიჯანის მხარე გააგრძელებს ბრძოლას ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების
მოპოვებისათვის, საქართველოს მხარე კი, აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლად
„უეფაში" შეიტანს განაცხადს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე და
მაქსიმალურად იბრძოლებს ამ უფლების მოსაპოვებლად.“
განცხადება ამის შესახებ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინსტრმა ლადო ვარძელაშვილმა და ფეხბურთის
ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ გააკეთეს.
ლადო ვარძელაშვილის თქმით, განხორციელდება არაერთი მსხვილი პროექტი
ქვეყნის მასშტაბით არსებული ცენტრალური სტადიონების რეაბილიტაციისა და ზოგადად
საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად უმაღლეს დონეზე მოწყობის მიზნით.
„სახელმწიფოს დახმარებით აშენდება ახალი ულტრათანამედროვე სტადიონი
ბათუმში, ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვა რეგიონებსა და თბილისში
მდებარე ყველა ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლანჩხუთის,
გორის, რუსთავის, ასევე თბილისში მდებარე ცენტრალური სტადიონები,“ - განაცხადა
მინისტრმა.
Internet.ge