საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონისგან“
გარიგებული თამაშების შესახებ წერილი მიიღო. როგორც ფეხბურთის ფედერაციის იურისტმა
კესო ჩხიკვაძემ „ინტერნეტ.ჯი“ -სთან საუბრისას განმარტა, წარმოდგენილ წერილში
კონკრეტული ფაქტები არ არის მოყვანილი.
„წერილში საუბარია მხოლოდ იმის შესახებ, რომ თავდაპირველად, გარიგებულ
თამაშებთან დაკავშირებით ბატონმა ილია კოკაიამ გამოთქვა ეჭვი. წერილში აღნიშნულია,
რომ თუ რომელიმე მხარე დაინტერესდება აღნიშნული ფაქტით, მტკიცებულებების მოპოვებაც
არის შესაძლებელი,“ - განაცხადა კესო ჩხიკვაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“
პრეზიდენტმა ილია კოკაიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას აქვს
სერიოზული ეჭვი რუსთავის „მეტალურგსა“ და „მარტვილის“ მერანს შორის გარიგებული
თამაშის შესახებ.
Internet.ge