საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მორაგბემ ზურაბ ჟვანიამ საფრანგეთის
“სტად ფრანსესთან” ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა - “ტოპ 14”-ის ერთ-ერთმა ყველაზე
ამბიციაურმა კლუბმა დღეს დილით 10 ახალწვეული წარადგინა მომავალი სეზონისათვის და მეტად
სასიამოვნოა, რომ მათ შორის 125 კილოგრამიანი ქართველი ბურჯიც მოხვდა.
ახლახანს დასრულებულ “ტოპ 14”-ის სეზონში პარიზელებმა მხოლოდ მე-7 ადგილი
დაიკავეს და ერთი საფეხური დააკლდათ საფლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად, რაც უდაოდ
წარუმატებლობაა “სტად ფრანსეს” მასშტაბის და ამბიციების კლუბისათვის, რასაც
ლოგიკური ცვლილებები მოყვა შემადგენლობაში.
აღსანიშნავია, რომ ჟვანია “სტად ფრანსემ” ჯერ კიდევ გასულ წელს მიიწვია,
თუმცა ეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტია ახალგაზრდა “ბორჯღალოსანისათვის”,
რომელსაც ამით კარი გაეხსნა დიდ რაგბიში.
Internet.ge