ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მე-3 ტურის გადამწყვეტი უკრაინა-ინგლისის
მატჩის მთავარმა მსაჯმა ვიკტორ კაშაიმ აღიარა, რომ მისმა ბრიგადამ შეცდომა დაუშვა,
როდესაც არ ჩათვალა უკრაინელი ფეხბურთელის მარკო დევიჩის მიერ გატანილი გოლი
ინგლისელთა კარში.
ვიდეოგამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჯონ
ტერიმ მაშინ გამოიტანა ბურთი, როდესაც მან უკვე გადაკვეთა კარის ხაზი.
“მატჩის შემდეგ ჩვენ ვნახეთ გამეორება, გავაანალიზეთ სიტუაცია და მაშინვე
მივხვდით, რომ შევცდით. შევეცადეთ მოგვეძებნა შეცდომის მიზეზი, მაგრამ უეფას
მოთხოვნების მიხედვით არ გვაქვს უფლება საზოგადოდ კომენტირება გავუკეთოთ საკუთარ
ქმედებებს და შევაფასოთ ისინი.
ჩვენი პროფესია სასტიკია, რადგანაც ერთი გადაწყვეტილებაც კი შესაძლოა
საბედისწერო გამოდგეს. მოედანზე მყოფ მსაჯს მხოლოდ რამდენიმე წამი აქვს საიმისოდ,
რომ გადაწყვეტილება მიიღოს, შემდეგ კი თითოეული მოქმედება ათეულობით კამერით
მოწმდება” - განაცხადა უნგრელმა მსაჯმა.
Internet.ge