საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მე-5 ადგილისთვის მატჩის ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა იტალიის ნაკრები 20:18.
მადრიდის “სიუდად უნივერსიტარიაზე” ახალგაზრდა “ბორჯღალოსნებმა ცუდად დაიწყეს შეხვედრა, ხშირად კარგავდნენ ბურთებს და მეტოქეს მწვავე შეტევების განხორციელების საშუალებას აძლევდნენ, თუმცა შემდეგ დაალაგეს თამაში, უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმი 10:12 დაასრულეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ნახევრის ბოლო წუთებზე ქართველებმა ზედიზედ ორი ჯარიმა ააცილეს. მეორე ტაიმში კიდევ ერთი ჯარიმა ავაცილეთ, რასაც მალე მსაჯის მიერ ჩვენი მორაგბის გაძევება მოჰყვა და 14 მოთამაშით მოგვიწია ბრძოლის გაგრძელება.
ამის მიუხედავად ილია მაისურაძის გუნდმა გააძლიერა ზეწოლა იტალიაზე და გარკვეული მონაკვეთი მის 22-ში ჰყავდა გამოკეტილი. გამარჯვების ლელო კი უკვე მსაჯის მიერ დამატებულ დროში დავდეთ, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და საქართველომ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 20:18.
ახლა მე-5 ადგილისათვის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველები შოტლანდიას შეხვდებიან, რომელმაც მეორე ნახევარფინალში პორტუგალიას მოუგო 35:12.
Internet.ge