ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლუის ვან გაალი დაინიშნა. „ბაიერნის“
ყოფილი თავკაცი საქმიანობას 1-ელი აგვისტოდან შეუდგება.
„მოხარული ვარ, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ სწორედ
მე ამირჩია. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ძალიან დიდხანს ველოდი,“ - განაცხადა ვან
გაალმა.
ახალი თავკაცი ამ პოსტზე ბერტ ვან მაარვიკს ჩაანაცვლებს,
რომელიც ევროპის ჩემპიონატზე უკიდურესად წარუმატებელი გამოსვლის გამო თანამდებობიდან
27 ივნისს გადადგა. გუნდმა, რომელიც 2 წლის წინ მსოფლიო თასის ფინალში ასპარეზობდა,
ცოტა ხნის წინ დასრულებულ ტურნირზე ყველა თამაში წააგო (დანიასთან, გერმანიასა და პორტუგალიასთან).
ლუის ვან გაალი ჰოლანდიურ „აიაქსსა“ და „ალკმაარს“ წვრთნიდა,
ასევე, ხელმძღვანელობდა ესპანურ „ბარსელონასა“ და გერმანულ „ბაიერნს“. ცოტა ხნით იგი
ჰოლანდიის ნაკრებსაც ედგა სათავეში, თუმცა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე
გაუსვლელობის გამო, გუნდი მალევე დატოვა. ჰოლანდიელი სპეციალისტის მონაპოვარს შორისაა
საკონტინენტთაშორისო თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და სუპერთასი. იგი 2-ჯერ გახდა
ესპანეთის ჩემპიონი, 4-ჯერ - ჰოლანდიის და ერთხელ გერმანიის ჩემპიონატის გამარჯვებული.
internet.ge