საქართველოს ეროვნული
ოლიმპიური კომიტეტის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ცხინვალელი და გუდაუთელი
სპორტსმენების ბიოგრაფიებში ლონდონის ოლიმპიადის ვებ-გვერდზე დაბადების ადგილად
რუსეთია მითითებული, რუსეთში სპორტსმენებისთვის ხელის შეშლის მცდელობად აღიქვეს.
რუსეთის სპორტული
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ მამიაშვილის თქმით, დენის ცარგუშსა და
ბესიკ კუდუხოვს ვერავინ შეუშლის ხელს, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაში.
„დიდი ტურნირების, მსოფლიო
ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების ორგანიზატორებს არასდროს გასჩენიათ პრეტენზია
რუსეთის განაცხადებებთან დაკავშირებით და ვერავინ შეძლებს ხელი შეუშალოს ბესიკ
კუდუხოვსა და დენის ცარგუშს, პატიოსანი ბრძოლით მოპოვებული უფლებით გამოვიდნენ
ოლიმპიადაზე,“ - განაცხადა მამიაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ რუსეთი დაეხმარა მათ,
შემდგარიყვნენ სრულფასოვან სპორტსმენებად.
შეგახსენებთმ ცხინვალისა
და გუდაუთის რუსეთად მოხსენიების გამო საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა წერილი
გაუგზავნა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს, გამოასწორონ შეცდომა და აფხაზი და
ოსი სპორტსმენების დაბადების ადგილად, ქვეყნის გრაფაში არა რუსეთი, არამედ
საქართველო მიუთითონ.
Internet.ge