20 წლის ზურაბ ჟვანიამ გამარჯვებით აღნიშნა თავისი დებიუტი ევროპის
უძლიერეს სარაგბო ლიგაში, საფრანგეთის “ტოპ 14”ში - 2012/13 წლების სეზონის პირველ
ტურში მისმა “სტად ფრანსემ” ქართველთა “მონპელიე” შინ დაამარცხა 32:16.
შეხვედრას ინტრიგას ისიც ჰმატებდა, რომ პირველ ნომერზე მოთამაშე ბურჯი
ჟვანია თავისი თანამემამულის, მონპელიელთა მარჯვენა ბურჯის გიორგი ჟღენტის
წინააღმდეგ იდგა. მამუკა გორგოძეს ტრავმის გამო არ უთამაშია - საქართველოს
საუკეთესო მორაგბე ამჟამად აღდგენით კურსს გადის და თუ ყველაფერი კარგად წავიდა,
მალე დაუბრუნდება მოედანს.
დათო ზირაქაშვილის “კლერმონ ოვერნმა” გასვლაზე ბასკეთში მძიმე გამარჯვება
მოიპოვა “ბაიონასთან” 13:6 და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მეორე ტაიმში
შევიდა შეცვლაზე. ასევე მეორე ნახევარში გამოჩნდა მოედანზე “ტულონის” რაზმში
“ბორჯღალოსანთა” ბურჯი დავით ქუბრიაშვილი, რომლის გუნდმაც კატალუნიაში
“პერპინიანი” წააქცია 21:15.
ქართველების გარეშე ჩაიარა ტურის ცენტრალურმა შეტაკებამ
“ტულუზა”-“კასტრი” 23:22. ამის მიზეზი ტრავმებია. ტულუზელ ჯაბა ბრეგვაძესა და
ვასილ კაკოვინს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ, ასევე დაშავებულია კასტრელი
ანტონ ფეიქრიშვილი.
Internet.ge