მეცნიერებმა
აღმოაჩინეს, რომ ჩვენი გალაქტიკის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების უმეტესობა
სინამდვილეში ვამპირი ვარსკვლავებია, მათ შორის ურთიერთობა კი არც ისე მეგობრულია.
ასტრონომთა
საერთაშორისო ჯგუფმა О-ს სპექტრული კლასის 71 ვარსკვლავი შეისწავლა. მნათობები
რძიანი გზის, იგივე ირმის ნახტომის, 6 ცალკეულ ვარსკვლავურ კლასტერში იყვნენ
განლაგებულნი. მათზე დაკვირვება ჩილეში მდებარე დიდი ტელესკოპიდან ხდებოდა.
„О-ს სპექტრული კლასის
ვარსკვლავები მზეზე მინიმუმ 15-ჯერ დიდები და მილიონჯერ კაშკაშები არიან. მათ
ზედაპირზე არსებული ტემპერატურა 30 ათას გრადუს ცელსიუსს აღწევს და ისინი უფრო
ღრმა სინათლეს ასხივებენ,“ - აცხადებს კვლევის ავტორი ჰიუგო სანა ამსტერდამის
უნივერსიტეტიდან.
მსგავს ვარსკვლავებს
ხანმოკლე, მაგრამ მშფოთვარე ცხოვრება აქვთ. საბოლოოდ ისინი დიდი აფეთქებით
ასრულებენ სიცოცხლეს, რომლის დროსაც ირგვლივ ჟანგბადისა და რკინის მსგავს
ელემენტებს ფანტავენ. ამგვარად ისინი დიდ გავლენას ახდენენ გალაქტიკის ქიმიურ
შემადგენლობაზე.
ამ ვარსკვლავების მიერ გამოცემული
სინათლის გაანალიზებისას, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მათი 75% ორმაგ ვარსკვლავს
ქმნის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი უმეტესობა ერთმანეთთან ძალიან
ახლოს არის განლაგებული. ისინი ერთმანეთს იზიდავენ და ზოგჯერ „ყლაპავენ“ კიდეც -
ახალი წყალბადის მიღებისას, გიგანტური ვარსკვლავები სიცოცხლეს აცლიან კომპანიონს
და, ამგვარად, თავად იგრძელებენ სიცოცხლის დღეებს. ამის შესახებ დეტალურად ჟურნალში
„Science“ არის
აღწერილი.
აქამდე მეცნიერები
ფიქრობდნენ, რომ ორმაგი ვარსკვლავები გამონაკლისი იყო საერთო სისტემიდან. ახალმა
გამოკვლევებმა კი მათ საშუალება მისცა, შეისწავლონ მსგავსი ვარსკვლავების ევოლუცია
და მათი გავლენა გალაქტიკაზე.
Internet.ge